დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დამცავი ფარები მოქალაქეებს ნიღაბთან ერთად უნდა იხმარონ და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდეთ.

მისი თქმით, ნიღბის გარეშე ფარს ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია.

"ჩვენთან, საქართველოში არის ფარების ადგილობრივი წარმოება, რაც ძალიან სასიხარულოა. ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც უნდა გვეკეთოს. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული", — განაცხადა იმნაძემ.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 36 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: