დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან, 6 აპრილიდან ბიზნესისა და კომპანიების შემოწმებას იწყებენ, თუ რამდენადაა დაცული დასაქმებულების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მინისტრმა განმარტა, პროცესში ჩართულები იქნებიან სამინისტრო, შრომითი ინსპექცია, ტექზედამხედველობა და მუნიციპალური ინსპექციები.

ნათია თურნავას თქმით, შემოწმებას დაიწყებენ იმ საწარმოებიდან, რომელთაც უკვე მიეცათ ფუნქციონირების უფლება და უკვე მომავალში იმ კომპანიებზე გადავლენ, რომელთაც ბიზნესსაქმიანობა დროებით შეუჩერდათ. მინისტრი ვარაუდობს, რომ დღეში ისინი 50-მდე სხვადასხვა საწარმოსა და ბიზნესის შემოწმებას შეძლებენ.

"ამას გარკვეული დრო დასჭირდება, შევეგუოთ ამას. ასევე, დრო სჭირდებათ კომპანიებსა და ბიზნესებს იმისთვის, რომ ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ, ჩვენო მეწარმეებო, რადგან სამომავლო ეს იქცევა ცხოვრების წესად", — განაცხადა ნათია თურნავამ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბიზნესების დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობასა და მიტანის სერვისზე გადავიდა. 31 მარტს კარანტინი ამოქმედდა, ონლაინგაყიდვები კი სურსათისა და სააფთიაქო ნაწარმის შემთხვევაშია შესაძლებელი.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც კომპანიები უსაფრთხოების პირობებს დააკმაყოფილებენ, მათ ონლაინვაჭრობაზე გადასვლის უფლება ექნებათ.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 36 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: