დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერის მსგავსად, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ნაციონალურ მოძრაობას თანხის გადარიცხვას სპეციალურ ფონდში სთავაზობს. ამ თემაზე კითხვას მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.

"ჩვენ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც იყო შემოთავაზებული უკვე გვაქვს დანიშნული ფრენები და რეისები, თანმიმდევრულად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას. თუკი რაიმე მსგავსი ინიციატივები არსებობს ამისთვის არის შესაბამისი ფონდი, რომელიც ცენტრალიზებულია და ვისაც სურვილი აქვს კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია [თანხა] ამ ფონდში ჩარიცხოს", — თქვა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ისინი ყოველ დღე იღებენ ინფორმაციას საელჩოებიდან იქ არსებულ მდგომარეობაზე და მოქალაქეების მიმართვაზე. მისი თქმით, ყველა შეთავაზებული მიმართულება ათვისებული აქვთ და მომავალში ახალი მიმართულებების დამატებაც იგეგმება.

4 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობისგან მხოლოდ ჭორაობა ესმის ამ თემაზე და სინამდვილეში რეისის ორგანიზება უმარტივესი საკითხია. მან თქვა, რომ თუ ამის "თავი არ აქვთ", შეუძლიათ ფული სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა. ამ თემაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 36 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: