როგორ ჩანს, იტალიური წარმოშობის რეჟისორი, ლუკა გუადანინო უკვე აქტიურად ფიქრობს მისი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის, Call Me by Your Name-ის გაგრძელების გადაღებაზე და რაც მთავარია, ახალ ნაწილში კვლავ მაყურებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეებს ვიხილავთ.

ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნება იყო ისეთ მსახიობებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან ტიმოთი შალამე, არმი ჰამერი, მაიკლ სტულბარგი, ესთერ გარელი თუ სხვა. და ისინი ყველა ახალ ფილმშიც მიიღებენ მონაწილეობას".

ახალი ფილმის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ მწერალმა ანდრე ასიმანმა, რომლის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს Call Me by Your Name, 2019 წელს ამ წიგნის სიქველი — Find Me (მიპოვე) გამოაქვეყნა, რომელშიც სიუჟეტი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება.

ლუკა გუადანინომ ანდრე ასიმანის გახმაურებული წიგნის მიხედვით ფილმი 2017 წელს გადაიღო და მან მაყურებლების მოწონებასთან ერთად ოსკარის არაერთი ნომინაციაც დაიმსახურა. Call Me by Your Name ელიოსა და ოლივერის რომანტიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 80-იანი წლების იტალიაში ვითარდება.

რეჟისორმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ ახალ ფილმზე მუშაობა კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეჩერებულია:

"სანამ კორონავირუსი გავრცელდება, აშშ-ში შევხვდი ჩემს საყვარელ სცენარისტს, რომლის სახელიც ჯერ არ მინდა რომ გითხრათ, და მეორე ნაწილის შექმნაზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, დროებით ამ ყველაფრის შეჩერება მოგვიწია", — ამბობს ლუკა გუადანინო.