სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპარ საქართველოს ქსელში სპარის მაღაზიებს 21:00 საათამდე არ ხურავენ, რის გამოც, კონსულტანტებს ღამე მაღაზიაში დარჩენა და დილის 6 საათამდე იქ ყოფნა უწევთ. სხვადასხვა პირი კონსულტანტებზე დაყრდნობით წერდა, რომ მათ ტაქსის ფული არ აქვთ, ამიტომ მაღაზიაში დარჩენას არჩევენ.

On.ge-მ სცადა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია დასაქმებულებისგან მიეღო, თუმცა რამდენიმე კონსულტანტმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო გრაფიკი შეთანხმებულია მენეჯმენტთან და დამატებით დელატებზე ისინი ისაუბრებენ. კონფიდენციალურობის დაცვის პირობითაც კი მათ მედიასთან კომუნიკაციაზე უარი თქვეს.

სურვილის შემთხვევაში, On.ge მზად არის მოისმინოს დასაქმებულების პოზიცია.

რაც შეეხება მენეჯმენტის პოზიციას, სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე On.ge-სთან საუბრისას გავრცელებულ ინფორაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ ღამის ცვლის თანამშრომლები რჩებიან, რომლებიც დილისთვის მაღაზიას ამზადებენ.

მანჯგალაძე განმარტავს, რომ საკომენდანტო საათის გამოცხადებამ მათი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის ცვლის 700 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში უნდა გაეშვათ, ამიტომ მათ "ეთიკურად სწორი გადაწყვეტილება" მიიღეს და ეს ცვლა შეინარჩუნეს. მისი თქმით, სპარში დილის 6 საათიდან 8-მდე ორი ცვლა მუშაობს, ხოლო მესამე ცვლა საღამოს 8 საათზე მიდის მაღაზიაში და დილის 6-მდე რჩება. მისივე თქმით, სამივე ცვლა უზრუნველყოფილია ტრანსპორტირებით.

კერძოდ, მანჯგალაძე ამბობს, რომ ღამის ცვლის კონსულტანტებს 8 საათზე მაღაზიაში ტაქსი ტოვებს და დილას სახლში წასაყვანადაც ტაქსი აკითხავს. მისივე განმარტებით, ამ დროს, როცა მაღაზია არ მუშაობს ისინი ავსებენ ხილ-ბოსტნის მარაგებს, იღებენ წარმოებას, ვადაგადასულ საქონელს ახარისხებენ და მაღაზიას ამზადებენ, რათა დილას, საკომენდანტო საათის მოხსნისას, "მეტ-ნაკლებად მზად იყოს".

"1 850 თანამშრომელი 3-3 კაცად, სამჯერ დღეში დაგვყავს 300 მაღაზიაში. ხარჯი გაიზარდა, რომელ მოგებაზეა საუბარი. აბსოლუტურ ზარალზე ვმუშაობთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მაშინ ამდენი ადამიანი უნდა გაგვეშვა.

ამით კომპანია ზარალობს რას: წარმოიდგინეთ, 700 ადამიანს ხელფასი ხომ უნდა გადავუხადოთ? უნდა გადავუხადოთ. ტრანსპორტი თუ ორჯერ მომიწევდა ჩვეულებრივ შემთხვევაში, ახლა სამჯერ მიწევს. [ღამის ცვლის] დამატებით, 700 ადამიანის მთელი საქართველოს მასშტაბით, ტაქსით მიყვანა და მოყვანა გვიწევს", — აცხადებს ის.

მანჯგალაძე ამბობს, რომ გაუგებარია რატომ გამოიწვია კრიტიკა ღამის ცვლაში თანამშრომლების ყოფნამ, როცა მათ აქამდეც იგივე გრაფიკი ჰქონდათ.

"ჩვენ ხომ საკომენდანტო საათის ამოქმედების შემდეგ არ დაგვიყენებია ხალხი ღამის ცვლაში, ჩვენ ხომ ისედაც 24 საათი ვმუშაობდით. თუ ასეთ პრობლემაა, დავკეტავთ ღამე მაღაზიებს და 700 ადამიანი დარჩება უმუშევარი და დააწვება სახელმწიფოს", — აცხადებს ის.

მანჯგალაძე ამბობს, რომ მათ არსებული სიტუაციის გათვალისწინება და საზოგადოების ინტერესებზე მორგება სცადეს, თუმცა მათ გადაწყვეტილებებს ხშირად ახლავს დაუმახურებელი კრიტიკა.

საქართველოში 31 მარტიდან კარანტინია, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად აიკრძალა. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით. ამასთან, აკრძალულია გარეთ გასვლა 21:00 საათის შემდეგ.