პანდემიის პირობებში მეგობრებთან ერთად ფილმების ერთად ყურება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა გარკვეული ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების საშუალებით სოციალური დისტანციის დაცვით ციფრული კინოჩვენების ორგანიზება მაინც შესაძლებელია.

Google Chrome-ის ისეთი გაფართოებების გარდა, როგორებიც Netflix Party და Scener-ია, მეგობრებთან ერთად ინტერნეტში ფილმის ყურება ვებ-სერვისი Kosmi-ს საშუალებითაც შეგიძლიათ.

Kosmi-ში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ ჩატი, გაუზიაროთ მეგობრებს თამაშის გამოსახულება ან ჩართოთ ფილმი, რომლის პარალელურადაც ჩატის მონაწილეებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ.

სერვისის საშუალებით შეგიძლიათ მეგობრებს თქვენი ეკრანის გამოსახულება, შოუ ნეტფლიქსიდან, ვიდეო იუთუბიდან ან სულაც თქვენს ლეპტოპში გადმოწერილი ფილმი გაუზიაროთ.

მოკლედ, მეგობრებთან ერთად კინოჩვენების მოსაწყობად თქვენ დაგჭირდებათ ფილმი, კომპიუტერი და Google Chrome-ის ბრაუზერი.

როგორ გამოვიყენოთ Kosmi.

1. გახსენით ბრაუზერში Kosmi.io და დააწექით დაწყებას (Launch).

სასურველია გამოიყენოთ Google Chrome, რადგან ეკრანის გაზიარების შემთხვევაში Kosmi გაძლევთ საშუალებას მთლიანი ეკრანის ნაცვლად გახსნილი ჩანართი გააზიაროთ, სადაც მეგობრებთან შეთანხმებულ ფილმს გაუშვებთ.

2. დააკლიკეთ ვებ-გვერდის ზედა ნაწილში განთავსებულ "ოთახის შექმნის" ღილაკს.

საკუთარი ოთახის შესაქმნელად თქვენ არ გჭირდებათ რეგისტრაციის გავლა.

3. აირჩიეთ ოთახის სასურველი რეჟიმი და დააკლიკეთ "შექმნას" (Create).

ოთახი შეიძლება იყოს საჯარო (Public) ან დახურული (Private), რომელშიც შესვლა მხოლოდ უნიკალური ბმულით იქნება შესაძლებელი.

4. აირჩიეთ სასურველი სერვისი ან ვიდეოს გაზიარების წყარო.

ეკრანის გაზიარების (Screenshare) შემთხვევაში ბრაუზერი დაგაზუსტებინებთ სინამდვილეში მთლიანი ეკრანის თუ მხოლოდ გარკვეული ტაბის გაზიარება გსურთ. ცხადია, ეს არ არის ერთადერთი სერვისი, რომლითაც მეგობრებთან ერთად დროის გატარება შეგიძლიათ, თუმცა კოსმი მისი სიმარტივის გამო თქვენს ყურადღებას იმსახურებს. გირჩევთ ფილმისგან საუკეთესო შთაბეჭდილებების მისაღებად "ოთახში" ყოფნისას ყურსასმენები გამოიყენოთ.

სასიამოვნო დისტანციურ კინოჩვენებას გისურვებთ!