ტექსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა Medium-ზე.
ავტორი: დაჩი იმედაძე

5 კვირის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამ კვირების განმავლობაში ხელისუფლებამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ჩაკეტა საზღვრები, მოაწყო საკარანტინო ზონა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, შეაჩერა ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისა თუ ბიზნესის მუშაობა, სასურსათო და სააფთიაქო ობიექტების გარდა, დააწესა კომენდანტის საათი და გამოაცხადა საყოველთაო კარანტინი. აიკრძალა ჯგუფური თავყრილობები და ავტომობილით სამ პირზე მეტის გადაადგილება. სავალდებულო კარანტინში თავსდება საქართველოს თითოეული მოქალაქე მოგზაურობის ისტორიით. ერთი შეხედვით, ყველა ეს ნაბიჯი გადაიდგა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების შესაჩერებლად, ანუ, საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებები შეიზღუდა იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას უმაღლესი ღირებულება — ადამიანის სიცოცხლე.

შეზღუდვების მიუხედავად, 26 თებერვლიდან 1 აპრილამდე (36 დღე) საქართველოში 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გვყავს 3 პაციენტი, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. პირველი შემთხვევიდან 5 კვირის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, სამწუხაროდ, მთავრობის პოლიტიკა გადასააზრებელია, რადგან შიდა გავრცელება ვერ აღიკვეთა. ამავდროულად, ის შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო დროს აამოქმედა, საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ძვირი უჯდება, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის ერთადერთი წყარო და, ვირუსთან ერთად, სიღარიბესთან ბრძოლა უწევთ. რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა? ეს არასწორად დასმული საკითხია, რომელზე საუბარიც უფრო მკითხაობას დაემსგავსება, ვიდრე შინაარსობრივ კამათს. ამის ნაცვლად, მინდა, რეალურად აქტუალურ, ხელშესახებ და, რაც მთავარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე დავწერო — რა უნდა გავაკეთოთ ახლა. ბლოგის მთავარ ნაწილში მოგიყვებით ეპიდსიტუაციის მართვის სამხრეთ კორეულ მაგალითზე, რომელიც გონივრული მენეჯმენტის შემთხვევაში, საქართველოსთვის იდეალურ სახელმძღვანელოდ შეიძლება იქცეს.

როგორ ახერხებს კორეა ვირუსის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას?

ფოტო: REUTERS/Kim Kyung-Hoon

კორეელები არანორმალურად სოციალური ადამიანები არიან. ისინი საკმაოდ მჭიდროდ არიან დასახლებულნი და გიჟდებიან ოჯახურ თავყრილობებზე. *ძალიან უცნაური დეტალის დროა* — სამხრეთ კორეელები "მაგარი მსმელები" არიან და, ხშირად, კეთილგანწყობას ასე გამოხატავენ: Shot-ის ჭიქებიდან ერთმანეთს სასმელს უზიარებენ, ეს ერთგვარი ეტიკეტია.

სოციალურობა და თბილი ურთიერთობები არც ჩვენ გვაკლია და, სამწუხაროდ, არაერთი მოწოდებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, არც ახლა ვერიდებით შეკრებებსა და თავყრილობებს. (Dumb Ways To Die — Georgian Edition)

კორეაში, სადაც ფრაზა — "ჩქარა, ჩქარა" (bali-bali) ერთგვარ რეფრენად გასდევს ადამიანების ცხოვრებას, არ გასჭირვებიათ მთავრობის წევრების, მეცნიერების, სამედიცინო პერსონალისა თუ რიგითი მოქალაქეების სწრაფი მობილიზება და ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური და ეფექტიანი ბრძოლის დაწყება. ფუფუნება, რომ მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს მივენდოთ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს… ამიტომაც ისევ რიგითი ადამიანები თუ შევაჯანჯღარებთ ძალაუფლებისმქონეებს, რათა ერთი ადგილი გაანძრიონ და მათთვის დელეგირებული მოვალეობები შეასრულონ, ზედმეტი კეკლუცობისა და სხვადასხვა ჯგუფის მიმართ მორიდებულ-შეშინებული მოქმედების გარეშე.

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დადასტურდა. დაახლოებით ერთი თვის თავზე, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ინფიცირების ზრდის ტემპი არც ისე სწრაფი იყო და ქვეყანაში 25 თებერვალს 977 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ დროს კორეაში ვირუსის გავრცელების ტემპი დრამატულად იზრდება და 8 მარტის მონაცემებით, 7 313 შემთხვევას აღწევს — 6 336 ახალი შემთხვევა სულ რაღაც 12 დღეში (650%-იანი ზრდა). რა ხდება შემდეგ? უახლესი, 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 9 887 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოდის, რომ 25 დღიან პერიოდში (9 მარტი –1 აპრილი) შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 2 574 შეადგინა. (KCDC)

დაფიქსირებული შემთხვევები სამხრეთ კორეაში (ლოგარითმული სკალა)

ფოტო: MOHW (South Korea)

ალბათ, ამდენი სტატისტიკური მონაცემი ცოტა დამღლელია, ერთიც და ვამთავრებ. ავიღოთ დროის ორი მონაკვეთი: (25 თებ. — 8 მარტი) და (9 მარ.–1 აპრილი), პირველ შემთხვევაში გვაქვს 12 დღე და 650%-იანი ზრდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 23 დღე და 35%-იანი ზრდა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი, ერთი შეხედვით, ანომალიური, ალოგიკური განაწილება? პასუხი ძალიანაც ლოგიკურია — სწრაფი ტესტირება და დაავადებულთა ტარგეტირება!

ცნობილი გამოთქმისა არ იყოს — "ხალხი ბრძენია". კორეელები მართლა ჭკვიანები გამოდგნენ… 2003 და 2015 წლების ეპიდსიტუაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სისტემა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (KCDC) ეპიდემიების მართვის თანამედროვე, მოქნილ მეთოდზე გადაეწყო. შედეგიც ნათელია — ვირუსის გავრცელებიდან 10 კვირის შემდეგ, კორეამ ვირუსის გავრცელების მრუდი გააბრტყელა! ამ პერიოდში მათ 421 547 ტესტი ჩაატარეს, პოზიტიური შემთხვევები აღრიცხეს, ინფიცირებულები ჯანმრთელ მოსახლეობას განარიდეს და მათი მკურნალობა დაიწყეს. თანაც ეს ისე მოახერხეს, რომ ქვეყანაში ბიზნესების მუშაობა არ გაუჩერებიათ და არც "უზენაესი მეცნიერული გამოთვლებით" დადგენილი წესით გამოუცხადებიათ საღამოს 9 საათზე გარეთ გასვლა ტერორისტულ აქტად. ️

სოციალური დისტანციის, ხელების ხშირი ბანვისა და სხვა სამედიცინო რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ადამიანებს მუშაობის შესაძლებლობა და სახლში საჭმლის მიტანის საშუალება აქვთ.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც პანდემიის პირობებში, მძიმე გაკვეთილად შეიძლება იქცეს, სწორედ სამხრეთ კორეას უკავშირდება. 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ძალიან საინტერესო, ქართული რეალობისთვის რელევანტური და მასთან დაკავშირებული ფაქტი მოხდა.

61 წლის ქალმა, ქალაქ დეგუდან, დღეს ცნობილმა, როგორც პაციენტი 31, ერთ არც ისე მშვენიერ დღეს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მიმართული მოწოდებების იგნორირება გადაწყვიტა და თავისი დღე უდარდელად, ჩვეულებრივ დაიწყო.

ინფიცირებასა და დიაგნოზის დასმას შორის დროით შუალედში მოხუცმა ქალმა იმოგზაურა სეულში, მოყვა ავარიაში, ორჯერ დაესწრო მასობრივ საეკლესიო რიტუალს სინჩეონჯის ეკლესიაში და შეხვდა მეგობარს ლანჩზე… საბოლოო ჯამში, პაციენტი 31 სინჩეონჯის კლასტერის ერთ-ერთ ფუძემდებელ დედად იქცა. 29 მარტის მონაცემებით, ამ კლასტერს 5 161 შემთხვევა უკავშირდება — ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირებულების 52% პროცენტი!

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია რელიგიურ ჯგუფში ეპიდემიის ასეთი მასშტაბური აფეთქება? Wait for it…მთავრობის რეკომენდაციების მიუხედავად, სინჩეონჯის ეკლესიას რელიგიური საქმიანობა არ შეუწყვეტია და მსახურებას განაგრძობდა. სექტის წინამძღვრის წარმოდგენით, მრევლს არ აქვს უფლება, რიტუალის დროს სახეზე რაიმე ეკეთოს…სამედიცინო ნიღბები რა მოსატანია, თურმე სათვალეც არ შეიძლება. სექტის ყოფილი წევრი, დუიენ კიმი, CNN-თან ინტერვიუში ამბობს: მღვდლები გვარწმუნებდნენ, რომ წირვაზე ნიღბებისა და სხვა დამცავი საშუალებების ტარება, ღმერთის შეურაცხყოფაა.

*ელვის სისწრაფით მოტანილი ამონარიდი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებო განცხადებიდან*: "ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!"

სანამ რიგითი მკითხველი უსაზღვრო წყევლა-კრულვას დამაყრიდეს, ეკლესიას როგორ ებრძვისო, განვმარტავ— საერთოდ არავის ვებრძვი, მე არ მინდა უხერხემლო და ღარიბ საქართველოში ის საშინელი ვითარება დადგეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ უკვე დგას და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რომ დამძიმდება. ცხადია, არ მსურს საქართველოშიც ის მოხდეს, რაც კორეაში რელიგიური ჯგუფის თავნებობასა და ბრიყვობას მოჰყვა. სწორედ ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რადგანაც საფრთხე რეალურია, ემპირიულად დადასტურებული და საზოგადოებისთვის ძალიან დამაზიანებელი.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ კორეული მაგალითიდან და როგორ გავაგრძელოთ ეპიდსიტუაციის მართვა?

ფოტო: REUTERS/Kim Kyung-Hoon

საქართველოში აუცილებელია ტესტები, რაც შეიძლება სწრაფად და, რაც შეიძლება, დაბალი ცდომილების მქონე. ის ფაქტი, რომ ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 117 აღრიცხული შემთხვევაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ათეულობით, ან ასეულობით მეტი ადამიანი კორონავირუსით არაა დაავადებული. უკვე არაერთ ვალიდურ კვლევასა და სამეცნიერო ნაშრომში გამოითქვა აზრი, რომ მსოფლიო მოსახლეობის არც ისე მცირე ნაწილი დაავადებას უკვე ატარებს, მათი უმრავლესობა, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ქართული ჯანდაცვა კი უსიმპტომო ადამიანებს ტესტირებაზე უარს ეუბნება და ამით შიდა გავრცელების რისკს ზრდის. უმოკლეს დროში, როცა ჩინელმა მეცნიერებმა COVID-19-ის გენომის ცვლილების დინამიკა შეისწავლეს და სხვა ქვეყნებს გაუზიარეს, სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანოებმა ეს მონაცემები სამედიცინო კვლევით ინსტიტუტებს გადასცეს და კერძო ბიო-ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდეს, რომ დიაგნოსტიკური ტესტების შექმნაზე მუშაობა დაეწყოთ. პირველი ტესტები რამდენიმე დღეში გაჩნდა.

ახლა მთავრობამ ეს ტესტები უნდა შეიძინოს, ჩამოიტანოს და მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყოს. ინფიცირებული ადამიანები მოაშოროს ჯანმრთელებს, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები მოათავსოს ჰოსპიტალებში და უმკურნალოს, ხოლო ისინი, ვისაც დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვს, მოაქციოს იზოლაციაში სახლის პირობებში, ან კარანტინში. ეს გააჩენს შესაძლებლობას, რომ ჯანმრთელი ადამიანები უფრო სწრაფად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. აუცილებელია, ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სულაც გაჩერებულია, ნელ-ნელა ამუშავდეს და, როგორმე, შესაძლო მინიმალური ზიანით გამოვიდეს შექმნილი სიტუაციიდან. მსგავსი სწრაფი რეაგირება ერთიორად დააჩქარებს ამ პასიური რეჟიმის გადალახვის პროცესს, რათა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს გადაურჩეს.