პრემიერ-მინისტრის განცხადების პასუხად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ საუბრის მანერა შეცვალოს და ფრენების განრიგი დაასახელა.

"ამ პანდემიის პირობებში მაინც, თქვენი ლექსიკონიდან ამოიღეთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის ჭორიკნები, არაფის თავი არ აქვთ და ასე შემდეგ. ეს არც თქვენ გამოგაჩენთ კარგ შუქში და არც ჩვენ", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ისევ ძალაშია შეთავაზება უკრაინული კომპანია Sky up-ით საქართველოს მოქალაქეები უფასოდ დააბრუნონ: 6 აპრილს ბარსელონადან, 7 აპრილს ბერლინიდან, 8 აპრილს ვარშავიდან და ბერლინიდან, 9 აპრილს კი რომიდან. მისივე თქმით, ხელისუფლების მითითების შემთხვევაში ავიაკომპანია მზად არის ეს გრაფიკი და მიმართულებები შეცვალოს.

ვაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია ითხოვს, რომ ბორტის ეკიპაჟმა გაიაროს სასაზღვრო კვეთა და სხვა პროცედურები მგზავრებისგან განცალკევებით. მისივე თქმით, თუ ეკიპაჟის რომელიმე წევრს ვირუსი დაუდგინდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს მკურნალობის პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორისა 24 საათში ერთხელ თვითმფრინავის დეზინფექცია და ტექნიკური შემოწმება.

"მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა რეისის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებზე. მათ შორის: ეკიპაჟის ტრანსფერი სასტუმროს და აეროპორტს შორის, ეკიპაჟის განთავსება სასტუმროში სამჯერადი კვებით, წყალი და საკვები ბორტზე, მინიმუმ 200 პირბადე ყოველ რეისზე, აეროპორტის მომსახურეობის ხარჯები", — განაცხადა მან.

ვაშაძე თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას რეისების განსახორცილებლად, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს მიმართოს, რომ კომპანიას ფრენების განხორციელების უფლება მისცენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს, ფული ფონდში ჩარიცხოს. მისი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე კვირაა მხოლოდ ჭორაობენ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახარიას პასუხად აცხადებს, რომ ფონდში ფული შეუძლია "ბუნკერში ჩამალულმა უფროსმა" ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხოს. სააკაშვილის თქმით, მთავრობისგან მხოლოდ 2 რამეს ითხოვენ, რომ მიმართონ საელჩოებს წერილით, რათა გაიხსნას აეროპორტები და შემდეგ ამ რეისმა თბილისში დაჯდომა მოახერხოს.