"აშკარად დიდი ნახტომი გვაქვს წინ გადადგმული, ჩვენ გზას ვუთმობთ სასწრაფოს" — ამ კომენტარით ავრცელებს ვიდეოს ფეისბუქის მომხმარებელი გიორგი ჭუმბურიძე.

ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ უთმობენ გზას მძღოლები საცობში მოხვედრილ სასწრაფო დახმარების მანქანას. ზოგი ზოლს უთავისუფლებს, რამდენიმე კი ბორდიურზეც გადავიდა ციმციმიანი მანქანის გასატარებლად.

ეს უჩვეულო მოვლენა ვერეს ხეობაშია გადაღებული. ამ მომენტისთვის ვიდეოს 33 ათასზე მეტი ნახვა აქვს და, როგორც ჩანს, მან ამ სასწრაფოში მყოფი უმცროსი ექიმის ყურამდეც მიაღწია. ხატია სულაბერიძე მანქანიდან გადაღებული ამ ფოტოთი გამოეხმაურა ვიდეოს ავტორს:

მომხმარებლების გაოცება ალბათ ყველასთვის გასაგებია. ქართველი მძღოლები ნამდვილად არ გამოირჩევიან საგზაო წესების ზედმიწევნით დაცვით და, როგორც ამ ვიდეოში ჩანს, ხშირად არც სასწრაფოს სწყალობენ. ამის გამო, ყველანი შევხვედრილვართ უცხოეთის მაგალითების ვიდეოებს, რომლებსაც ჩვენი მეგობრები შურნარევი წუხილით აზიარებდნენ ხოლმე. მაგალითად, გერმანიის მაგალითი იყო პოპულარული რამდენიმე თვის წინ:

თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენც ვიზრდებით და ვიწყებთ სხვისი ჯანმრთელობის საკუთარ კომფორტზე წინ დაყენებას. ხალხის რეაქციაც შესაბამისია: "ასეთი ტემპით თუ გავეგრძელეთ აქეთ დავუწყებთ ევროპას მორალის კითხვას ♥ ეს ბოლო პერიოდია უცებ გამოფხიზლდა საზოგადოება არამხოლოდ ამ კუთხით ♥ ენით აღუწერელია გრძნობაა ასეთი საქართველოს ყურება", — წერს ვიდეოს ავტორი.