ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საშუალოდ საქართველოს შეუძლია 10 000-მდე პაციენტი მართოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ რადგან ქვეყანაში 15 000-მდე საწოლია, მათ შეუძლიათ ჰოსპიტალების მეტ დატვირთვასაც გაუძლონ. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა.

"გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3 500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში, საშუალო და რთული შედეგებით. ასევე, გვაქვს იმის საშუალება, რომ 5 000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ საკარანტინო ზონებში, რომელთა მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის მართვაში უკვე ჩართულია 20 საავადმყოფო. მისი თქმით, რეგიონებიდან დამატებით 40 ცხელების კლინიკის ჩართვაა შესაძლებელი, ხოლო დაავადების მატებასთან ერთად კიდევ 15 ჰოსპიტალის რესურსი არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 162-ია, მათგან 36 გამოჯანმრთელებულია, ერთი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.

"ფაქტობრივი კარანტინი"

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.