კორონავირუსის პანდემიის გამო მექსიკაში ლუდი კორონას წარმოება შეჩერდა. კომპანია Grupo Modelo-მ, რომელიც კორონას ბრენდს ფლობს, Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. ტვიტში ნათქვამია, რომ მთავრობამ "არასასიცოცხლო მნიშვნელობის" ბიზნესებს მუშაობა დროებით აუკრძალა. Grupo Modelo კორონას გარდა Modelo-სა და Pacifico-ს აწარმოებს.

მექსიკის მთავრობის შეზღუდვა 30 აპრილამდე იმოქმედებს. ქვეყანაში ინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 50 ადამიანი.

Grupo Modelo აცხადებს, რომ ჯერჯერობით ლუდის მარაგი არსებობს და კომპანია ჩამოსხმას მაშინვე გააგრძელებს, როგორც კი ამის ნებართვას მიიღებს.

ლუდის შემთხვევითი კავშირი ახალ კორონავირუსთან გაყიდვებზე უარყოფითად არ ასახულა. წლის პირველ კვარტალში გაყიდვების რაოდენობამ 8,9%-ით იმატა. მარტის პირველი სამი კვირის შემოსავალი კი წინა წლის შემოსავლებთან შედარებით 24%-ითაა გაზრდილი.