საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით სახალო დამცველის დასკვნას გაეცნო, მაგრამ იქ ახალი ვერაფერი ნახა. მისი თქმით, ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.

"არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პროპორციულობასთან დაკავშირებით თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, ამისთვის პროკურატურა და სასამართლო არსებობს. მისი თქმით, მაშინ ყველამ ერთად გადაარჩინა სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან და ქვეყნის მომავალი დიდი არეულობისგან.

სახალხო დამცველი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ანგარიშში წერს, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას უარყოფენ. ომბუდსმენის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილეები აცხადებდნენ, რომ მათ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცეს.

ომბუდსმენის მიგნებით, 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისას არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა. ასევე, ანგარიშის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ არ არის მოპოვებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია.

ანგარიშში საუბარია იმ პირთა ჩვენებებზეც, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისს თოფები გამოიყენეს. ისინი განმარტავენ, რომ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე მეთოფეებმა ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე.