საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას რეისის ორგანიზების "თავი არ აქვს" თანხა შეუძლია სპეციალურ ფონდში გადარიცხონ. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ მარტივი საკითხია ჩვეულებრივი საფრენი რეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში. საერთოდ უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა, გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თავი თუ არ აქვთ, რეისის ორგანიზების თანხა გადარიცხონ ეგრე ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება", — თქვა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე კვირაა მხოლოდ ჭორაობენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა. ამ თემაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.