დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ აღნიშნულ ფონდში ქართული ოცნების წარმომადგენლებიც მთავრობასა და პარლამენტში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: