დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის საქმეა სად შეხვდებიან აღდგომის დღესასწაულს.

"მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის საქმეა აღდგომას შევხვდებით ტაძარში, მონასტერში თუ საკუთარ ოჯახში, რაც მნიშვნელოვანია თითოეული მართლმადიდებლისთვისა და ქრისტიანისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე", — განაცხადა იონათამიშვილმა.

კარანტინის რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, საპატრიარქომ საეკლესიო მსახურების შეწყვეტაზე უარი თქვა და მღვდლებს სმს-ით ახალი რეკომენდაციები დაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ეკლესია ყოველ დღე უნდა დაიკეტოს საღამოს 8 საათზე, რათა კომენდანტის საათის დაწყებამდე, მრევლმა სახლში მისვლა მოასწროს. ასევე, მათ მოუწოდეს, დროულად დახატონ ეკლესიის ეზოებში დისტანციის აღმნიშვნელი ნიშნები.

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მრევლი დადგება ეზოში დისტანციის დაცვით და ასე მოუსმენს წირვა-ლოცვას. ჯაღმაიძის თქმით, ზუსტ მითითებებს ჯერ ვერ გასცემენ, რადგან სიტუაცია ყოველდღიურად იცლება.

დღეს, 3 აპრილს, ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ აღდგომას მრევლი ეკლესიაში შეიკრიბება, ეს კომენდანტის საათის დარღვევა იქნება. მისივე თქმით, შეზღუდვები ეხებათ სასულიერო პირებსაც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: