გამომცემლობა დიოგენე აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს პენმარათონი 2020.

პენმარათონი ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2002 წლიდან დღემდე შვიდჯერ გაიმართა. ბოლო, 2018 წელს ჩატარებული პენმარათონი საერთაშორისო იყო, მასში ქართველი და გერმანელი მწერლები მონაწილეობდნენ.

კორონავირუსით გამოწვეული მაქსიმალური იზოლაციის პირობებში, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პენმართონი 2020 მთლიანად დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ჩაატარონ.

პენმარათონის პირველი ეტაპზე მონაწილეობა 21 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. მსურველებმა მცირე ზომის ორიგინალური პროზაული ნაწარმოები (ან ნაწარმოების ფრაგმენტი) ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ. ჟიური შეაფასებს განაცხადებს და შეარჩევს კონკურსის ფინალური ეტაპის წერითი სესიის მონაწილეებს.

24-საათიანი პენმარათონი ონლაინ რეჟიმში 16-17 აპრილს გაიმართება. კონკურსანტები ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ თემაზე იმუშავებენ. თითოეულმა კონკურსანტმა, თვითიზოლაციის წესების დაცვით, ქართულ ენაზე უნდა შექმნას ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები. კონკურსანტებს წერითი სესიის განმავლობაში პერიოდული ინტერნეტ-კავშირი ექნებათ კონკურსის ორგანიზატორებთან.

ამის შემდეგ ჟიური შეაფასებს უკვე უშუალოდ პენმარათონის განმავლობაში შექმნილ ტექსტებს. კონკურსის შედეგები 30 აპრილს გამოცხადდება.

პენმარათონი 2020-ის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ პენმარათონის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

საკონტაქტო პირები:

თამარ ლებანიძე — 577417971 ; ელენე შუღლაძე — 571230020.