ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2020-ზე ინტელმა და AMD-მ მაღალი წარმადობის მქონე მობილური პროცესორების გამოშვება დააანონსეს. AMD-მ უკვე წარმოადგინა მძლავრი მობილური პროცესორების სერიის პირველი წარმომადგენელი — Ryzen 4000. "წითელი ბანაკის" შემდეგ კატეგორიის ახალი, მე-10 თაობის Comet Lake H პროცესორები ამჯერად ინტელმა წარმოადგინა. ინტელის 14 ნანომეტრიანი პროცესორების მე-5 იტერაციაში ჩვენ მივიღეთ 8 ბირთვისა და 16 არხის კონფიგურაცია მაქსიმალური ტაქტური სიხშირით 5,3 გჰც-მდე.

სერიის ფლაგმანი გახლავთ Intel Core i9- 1098HK — 8 ბირთვიანი, 16 არხიანი პროცესორი, რომელსაც მაქსიმალურ აჩქარებაზე 5,3 გჰც-მდე სიხშირით მუშაობა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურ სიჩქარეს პროცესორი მხოლოდ ერთი პირობით აღწევს. ამისათვის მომხმარებელმა პროცესორისთვის ე.წ Thermal Velocity Boost ტექნოლოგია უნდა გაააქტიუროს, რომელიც პროცესორის დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს. აღნიშნული წესი მე-10 თაობის TVB ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ყველა პროცესორზე ვრცელდება. ჩვეულებრივ პირობებში პროცესორის მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ყოველთვის 200 მჰც-ით ნაკლები იქნება ანუ მარტივად რომ ვთქვათ i9-ს შემთხვევაში, TVB-ს გარეშე მაქსიმალური სიხშირე მხოლოდ 5,1 გჰც-ს მიაღწევს.

TDP-ს (ელექტრო ენერგიის მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი) ნომინალური პარამეტრი Intel Core i9-10980HK-ს შემთხვევაში 45 ვტ-ს უტოლდება. კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლებს თავისი სურვილით ამ სიმძლავრის 65 ვტ-მდე გაზრდა შეუძლიათ. სერიის ფლაგმანი ერთადერთია, რომელსაც შესაბამისი გაგრილების სისტემის პირობებში საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოყენება შეუძლია. ინტელის ცნობით i9-ზე მაქსიმალური ტაქტური სიხშირის მისაღებად ელ.კვებამ პროცესორისთვის 135 ვატის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. შეგახსენებთ, რომ საუბარია არა დესკტოპ, არამედ მობილურ პროცესორზე, რომელსაც ძირითადად ლეპტოპებში გამოიყენებენ.

ახალი პროცესორების ოჯახში Core i9 ერთადერთი კონფიგურაციით არის წარმოდგენილი. უმცროსი Core i7-10875H იგივე 8 ბირთვით და 16 არხით ფლაგმანთან შედარებით საბაზისო დატვირთვაზე 100 მჰც-ით და აჩქარების რეჟიმში 200 მჰც-ით უფრო დაბალი სიმძლავრით იმუშავებს. პროცესორებმა ასევე 128 გბ-მდე DDR4-2933 მეხსიერების და Thunderbolt 3-ის ორი კონტროლერის მხარდაჭერა მიიღეს.

ინტელის ცნობით Comet Lake-ის პროცესორების ბაზაზე დაახლოებით 30-მდე თხელი და მსუბუქი ლეპტოპის მოდელი გამოვა. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 300 ჰც სიხშირით HDR1000 ეკრანებს მწარმოებლები მხოლოდ ინტელის ბაზაზე მომუშავე ლეპტოპებში იყენებენ.