ვანის და ბაღდათის მიტროპოლის, მეუფე ანტონს არ სჯერა, რომ საბერძნეთმა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიითო. იგი ამ ფაქტს "სიგიჟეს" უწოდებს. სასულიერო პირმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა:

"არ მჯერა, რომ ასეა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ბოდვა, ეს სიგიჟეა, სისულელეა აბსოლუტურად. რომც იყოს, ეს აბსურდია. რა წყაროები ვნახე, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. დანარჩენს, გადავრეკავთ ალბათ და მივიღებთ პასუხს".

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით 26 მაისამდე გადადო. როგორც ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელმა, ნავპაკტოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის, აღდგომის არაღნიშვნა უჩვეულო ამბავია, მაგრამ ეს ხდება არა იდეოლოგიური შეხედულების გამო, არამედ საზოგადეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის.

2 აპრილს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს გასცდა. მათ შორის, 51 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 208 ათასი გამოჯანმრთელდა. აშშ-ში ყველაზე მეტი ინფიცირებულია. იქ, სულ მცირე, 234 462 შემთხვევა აღრიცხეს. მას მოსდევს იტალია ყველაზე მეტი დაღუპილით და ესპანეთი, სადაც 100 ათასს გადაცდა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი.