ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ოპტიმისტურია. მისი თქმით, ჯობია ყველა უარესისკენ მოემზადოს და მერე გაუხარდეთ, რომ უკეთესი შედეგი იქნება.

"საკმაოდ რთულია ახლა კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგან დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგარძელდება კორონავირუსის გამოწვევა არამარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. დამოკიდებული ვართ იმაზე ასევე, თუ რამდენად სწრაფად ამოიქოქება არამხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ეკონომიკა.

ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით მოხდება სწრაფად, მას შემდეგ, რაც ჩვენ მთლიანად დახმარების პაკეტი გვექნება ჩამოყალიბებული. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც გადაწყობილი იქნება ამ ეტაპზე დახმარებაზე და მომავალში მხარდაჭერაზე და ბიზნესის სტიმულირებაზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: