დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის სპეციალური აპლიკაციის შექმნით სოციალური დისტანციისა და პრევენციის გაზრდა 40 პროცენტამდე იქნება შესაძლებელი. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, მათ უკვე ჩაატარეს კვლევა, მოქალაქეთა რა ნაწილს შეეძლება აპლიკაციაში ჩაერთოს.

"საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც COVID-19-თან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციით. აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოწერა იქნება ნებაყოფლობით, მაგრამ ვინაიდან COVID-19-თან ბრძოლა არის დამოკიდებული და დამყარებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში", — აღნიშნა მინისტრმა.

მან აპლიკაციის გამოყენების წარმატებულ მაგალითად სამხრეთ კორეა მოიყვანა. მისი თქმით, აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას აძლევდა არასასურველი კონტაქტებისგან თავი აერიდებინა და დროულად მიემართათ ექიმისთვის, თუ აპლიკაცია საეჭვო კონტაქტთან ახლოს ყოფნას უჩვენებდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: