დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ეკლესიური არ არის და სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზიით ადევნებს თვალს, თუმცა, რომ არა მოუცლელობა, შეიძლება, წელს წასულიყო.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავარი არხის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.

"მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი. რომ გითხრათ, ბოლოს როდის ვარ ნამყოფი, ალბათ ნამდვილად დამავიწყდება. ამიტომაც მე ძირითადად მაინც ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს და რა თქმა უნდა წელსაც იგივეს ვიზამ, მით უმეტეს, ამ პირობებში, ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის. თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი", — თქვა იმნაძემ.

სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან არც ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: