არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან. ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

საუბარია, დღეს, 3 აპრილს გასამართ უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე, რომლის გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება.

მათივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად.

ორგანიზაციები ითხოვენ, რომ მოსამართლის დანიშვნის პროცესი გაგრძელდეს მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება: პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და მასზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.

"მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა.

თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF);
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • კავშირი "საფარი";
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
  • ევროპის ფონდი.