საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აზუსტებს, რომ თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" არ აუკრძალავთ და რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

"სამწუხაროდ სტატია, რომელიც 31 მარტს RSF-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა არასწორ ინფორმაცია ეყრდნობოდა[...] ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს ამ შეცდომის გამო, რომელიც შეძლებისდაგვარად სწრაფად გავასწორეთ", — აცხადებს ორგანიზაცია.

RSF-ს თავდაპირველ მასალაში აღნიშნული იყო, რომ თურქმენულ მედიაში სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენება აიკრძალა. შესწორებულ ვერსიაში, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად გაურბის ამ სიტყვის გამოყენებას, რათა პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეუშალოს ხელი. ასევე, სახელისუფლებლო მედიაში არაფერს საუბრობენ უშუალოდ ვირუსის შესახებ.