MacOS და Windows 10-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაციის გამოშვება ფეისბუქმა ჯერ კიდევ შარშან, დეველოპერულ კონფერენცია F8-ზე დააანონსა.

Windows 10-ის მესენჯერის საჯარო ბეტა-ტესტირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ამიერიდან ახალი Messenger ოფიციალურად, ორივე პლატფორმაზე ხელმისაწვდომია.

ახალ დესკტოპ აპლიკაციაში უზრუნველყოფილია თქვენი ოპერაციული სისტემისთვის დამახასიათებელი ინტერფეისის ელემენტები და მობილური მესენჯერის ფუნქციების უმეტესობა. ასეთი სახით სასურველ პლატფორმაზე მესენჯერი უფრო ბუნებრივი სამომხმარებლო გამოცდილებით გამოირჩევა.

ახალ აპლიკაციას აქვს ყველაფერი, რასაც თქვენ ელოდებოდით: ჯგუფური ვიდეოზარები, სხვადასხვა მოწყობილობიდან აპლიკაციების სინქრონიზაცია, მუქი ინტერფეისის რეჟიმი და სხვა.

აპლიკაციის გადმოწერა Microsoft Store-დან (Windows) ან AppStore-დან (MacOS) შეგიძლიათ.