პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულელი პაციენტი, რომლის ინფიცირების შემდეგ ორ რაიონში (მარნეული და ბოლნისი) კარანტინი გამოცხადდა, სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა:

"ქალი მარნეულ-ბოლნისის ცხელი წერილიდან კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. ჰქონდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მძიმე მიმდინარეობით, ასევე, იყო გულის უკმარისობა ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კლინიკის გუნდთან ერთად ვამაყობ, რომ შევძელით ის, რაც შესაძლებლად მიგვაჩნდა. ამ ეტაპზე პაციენტი მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს დავალებებს და იმედია, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება".

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. ჯამში მათი რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი რჩება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა აღარ შეიზღუდება. ახალი დოკუმენტით, ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მასში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.