დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ორ კვირაში დასრულდება, პარლამენტი შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. დღეს, 2 აპრილს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანვე განმარტა, რომ ეს დამოკიდებულია პანდემიასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე მსოფლიოსა და საქართველოში:

"როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა, იმედი გვაქვს, მალე დასრულდება ეს მოცემულობა, ჩვენ გვექნება საშუალება, ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი ჩაეტევა დროში და შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და შევძლებთ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას".

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ.