პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი და პარლამენტის წევრი, ენზელ მკოიანი მის სახლთან სროლის დროს თავს იცავდა.

"მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ, ეს არის არაშერჩევითი სამართალი", — განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

როგორც კობახიძე ამბობს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ენზელ მკოიანის მიმართულებით ისვრის და ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით მას, ასევე, სროლით პასუხობს:

"პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სამველ პეტროსიანია, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს უნდა დაადგინოს სასმაართლომ".

მისივე თქმით, ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ქართული ოცნების დეპუტატის ენზელ მკოიანის სახლთან სროლა 26 მარტს მოხდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივი გამოცემა, სამხრეთის კარიბჭე წერს, საქმეზე პოლიციაში უკვე გამოიკითხა თავად დეპუტატი მკოიანიც. უცნობია სროლის მიზეზ. კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა, JNEWS.GE, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია ამ თემაზე, წერს, რომ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს.

ამავე გამოცემის ცნობით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირება იყო პეტროსიანისა და მკოიანის მომხრეებს შორის, რაც პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.