კლასტერი — ეს სიტყვა, ბოლო პერიოდში, ალბათ, ძალიან ხშირად გესმით და ყველას კორონავირუსს გახსენებთ. თუმცა, კლასტერები მხოლოდ ვირუსების კონტექსტში არ გამოიყენება, ის დადებითი შინაარსის მატარებელიც შეიძლება იყოს, მით უფრო, თუ საქმე ბიზნესს ეხება.

პანდემიის დროს ეკონომიკას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან დიდი ზარალი ადგება. სწორედ ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი ბიზნეს კლასტერების განვითარება, რაც საბოლოოდ ქვეყანას პანდემიის დაძლევაში ეხმარება.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ აძლიერებს ამ პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკას. უფრო დეტალურად კი მოგითხრობთ მის ერთ-ერთ პროექტზე, კლასტერები განვითარებისთვის, რომელიც ბიზნესისთვის უკეთეს მომავალს ქმნის.

ფოტო: Jorg Gruele

კლასტერები განვითარებისთვის

კლასტერები განვითარებისთვის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი პროექტია. პროექტი 2023 წლამდე გრძელდება და მის დასაფინანსებლად ევროკავშირმა 5,3 მილიონი ევრო გამოყო.

პროექტის მთავარი კლასტერები მცირე და საშუალო ბიზნესებია, რომლებიც ძირითადად 3 სფეროს მოიცავს: სამშენებლო მასალების წარმოებას, ტანსაცმლის წარმოებასა და ტურიზმს. რატომ მცირე და საშუალო ბიზნესი? იმიტომ, რომ ის საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და დასაქმებულთა 40%-ზე მეტს მოიცავს. როგორც პროექტის კომუნიკაციების ექსპერტი, თეა კენჭაძე გვეუბნება, კლასტერები განვითარებისთვის ამჟამად საწყის ფაზაშია და იმ საწარმოების იდენტიფიცირება ხდება, რომლებთანაც მუშაობა მომავალში გაგრძელდება.

კლასტერები განვითარებისთვის საერთო მიზანი საქართველოში და მის რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.

კონკრეტული მიზნები კი ასეთია:

  • კერძო სექტორში ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება მშენებლობის, ტურიზმის და ტანსაცმლის სფეროებში კოოპერაციის მექანიზმების საშუალებით;
  • ინსტიტუციური ბაზის გაუმჯობესება კლასტერებისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

გეგმის საბოლოო ბენეფიციარი კერძო სექტორის კომპანიები სარგებელს მიიღებენ ძირითად სფეროებში გაუმჯობესებული კოოპერაციისგან და ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნისა და ექსპორტის შესაძლებლობებისგან. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს ბრუნვის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასებისა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტ ადამიანს ექნება დასაქმების საშუალება და შემოსავლის წყარო.

რა აქტივობებს მოიცავს პროექტი

რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირი დახმარება არ სჭირდება და ის, რაც ერთ ბიზნესს ან საწარმოს აქვს, მეორეს შეიძლება აკლდეს, ან პირიქით. სწორედ ამიტომ, კლასტერები განვითარებისთვის იმ საჭიროების განვითარებას გულისხმობს, რომელიც კონკრეტულ ინდივიდს აქვს. მაშინ, როცა მსოფლიო გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობს კლასტერები განვითარებისთვის პროექტის მიზნებიც იცვლება.

"პროექტის მიზნები პანდემიის ფონზე უფრო აქტუალური გახდა, ვინაიდან პროექტი ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერების უმთავრეს მიზანს ემსახურება. უდიდესი დარტყმა პანდემიის დროს სწორედ ამ სექტორზე მოდის. შესაბამისად, ჩვენი პროექტიც შეეცდება, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს პარტნიორ კომპანიებს ამ კრიზისით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში", — ამბობს თეა კენჭაძე.

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ბიზნესი პროექტში ჩართოთ, შეგიძლიათ მხარდაჭერა მიიღოთ:

  • მარკეტინგულ სტრატეგიაზე და პლატფორმაზე;
  • ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარებაზე;
  • ბაზრის ანალიზზე;
  • გამოფენებში/ბაზრობებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

წარმატებული მაგალითი და 40 000 სამედიცინო ხალათი ერთ კვირაში

ფოტო: ევორკავშირი

სამედიცინო ტექსტილის ქართული საწარმო დოქტორ გუდს იმ წარმატებულ მაგალითებს შორისაა, რომელმაც ევროკავშირის დახმარებით საქმიანობა გააფართოვა და ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაშიც დაეხმარა.

მანამ, სანამ კლასტერები განვითარებისთვის გამოჩნდებოდა, საწარმოს 6 საკერავი მანქანა ჰქონდა და ამ სიმძლავრით ვერ ახერხებდა პანდემიასთან გასამკლავებლად საჭირო რაოდენობის ქირურგიული პროდუქციის შეკერვას. პროექტის დახმარებით მათ 12 ახალი საკერავი მანქანა შეიძინეს და საკმაოდ მოკლე ვადაში შეძლეს დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოება.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"დოქტორ გუდსი ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შევძელით სწრაფი რეაგირება და დავეხმარეთ კომპანიას არსებული სირთულეების დაძლევისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის საქმეში, რასაც კომპანიამ ეფექტიანად მიაღწია", — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება კლასტერები განვითარებისთვის და GIZ-ის პროექტის დაფინანსებით და ის ადამიანები დაასაქმოს, ვინც კრიზისის გამო უმუშევარი დარჩა.

"რვა ახალი თანამშრომელი უკვე დავასაქმეთ და მზად ვართ, გაცილებით მეტიც მივიღოთ. გარდა ამისა, წარმოების ხაზსაც ვაფართოებთ და უკვე სამედიცინო პირბადეების წარმოებასაც ვიწყებთ. ჩვენი კომპანია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და იმედი გვაქვს, რომ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ, ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების გზით, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობაც მოგვეცემა", — თქვა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა მამუკა ხადურმა.

ევროკავშირი სპეციალურ ზომებს განიხილავს, რომელიც მისი მანდატის ფარგლებში იმ მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება, რომელთა საქმიანობაც კორონავირუსის გავრცელებამ სეროზული სირთულეების წინაშე დააყენა.

ფოტო: Lukas Schulze / Getty Images

პროექტის კომუნიკაციების ექსპერტი, თეა კენჭაძე On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომავალში 5 კლასტერის შექმნა იგეგმება — ტანსაცმლის წარმოებისა და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორებში, ტურიზმის მიმართულებით იმერეთისა და კახეთის რეგიონებში ადგილობრივი ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერი, ავთენტური სასტუმროების კლასტერი და კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი. ეს ყველაფერი კი ადგილობრივ ტურისტული სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.ასე რომ, მცირე და საშუალო ბიზნესს ისღა დარჩენია, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

დასასრულისთვის, პანდემიის გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში ევროკავშირის ჩართულობისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რთულ დროს ევროკავშირი ჩვენს გვერდითაა. 30 მარტს ევროკავშირის ელჩმა სპეციალური სოლიდარობის პაკეტი გამოაცხადა, რომელიც სამედიცინო აღჭურვილობასა და ტრენინგებზე წვდომას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და ბიზნესის აღდგენის ხელშეწყობას მოიცავს.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად.

ამავე თემაზე: