დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო სამედიცინო მუშაკების ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობს, რომ მათ კარანტინის პირობებში გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნათ. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ამით შეგვეძლება განვსაზღვროთ, თუ პერსონალის რა ნაწილს ესაჭიროება საშვი, იმისთვის, რომ გადაადგილება შეუყოვნებლად მოახდინონ საკუთარი ავტომობილით, ასევე დაიგეგმოს, თუ რა ნაწილია პერსონალის, რომელსაც ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გარკვეული ჩართულობა", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პორტალზე განთავსებულია კითხვარი და მოთხოვნა სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომ მათ პერსონალის ჩამონათვალი მიაწოდონ. ტიკარაძის თქმით, სამინისტრო მზადაა დაეხმაროს კერძო კლინიკებს კომუნიკაციაში, რომ მათ შეძლონ საკუთარი პერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.