დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მიმღებ და ცხელების კლინიკებს დამცავი საშუალებებით აღჭურვაში სახელმწიფო დაეხმარება. მისი თქმით, სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ცდილობს მარაგების შევსებას, როგორც ადგილობრივი ისე უცხოური მწარმოებლებისგან.

"პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც უკვე ჩართულია პროგრამაში და მათ არ შეექმნათ დეფიციტი და ხარვეზები პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, შემდგომი კლინიკები, რომლებიც ეტაპობრივად იქნება ჩართული, ესაა ცხელების კლინიკები და მათზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო, ასევე, მზადაა კერძო კლინიკებს დაეხმაროს კომუნიკაციაში, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. ჯამში მათი რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის 23 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი რჩება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა აღარ შეიზღუდება. ახალი დოკუმენტით, ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მასში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.