დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება გეგმიურად არ უტარდებათ.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ელოდებოდნენ ახალ ალგორითმს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, ალგორითმის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე პროფესიების ადამიანების პერიოდული ტესტირება მოხდება, ოღონდ არა PCR დიაგნოსტიკით, არამედ, სწრაფი ტესტით, რომელიც ანტისხეულებზეა დამყარებული.

"სანდო ტესტები მსოფლიო ბაზარზე ნელნელა გამოჩნდა, ანტისხეულების ტესტები. ერთ-ერთი ვერსიად განიხილება, რომ მაღალი რისკის საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ეს რის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნის მართვისთვის, შესაძლოა, პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულის ტესტები", — თქვა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელეს ექნება სიმპტომები, მას ისევე ჩაუტარდება ტესტირება და მკურნალობა, როგორც სხვებს და პროფესიული თვალსაზრისით რისკიც ჯგუფად აღარ განიხილება.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.