დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსის გამაფრთხილებელი აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის აპლიკაციის ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზით გამყარება მიმდინარეობს.

"მას შემდეგ, რაც ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები იმისათვის, რომ უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ასევე, ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი. რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების იდენტიფიცირებაში", — განაცხადა ტიკარაძემ.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. ჯამში მათი რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი რჩება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.