დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომავალ კვირაში სამინისტროს წარმომადგენლები რეგიონებში სამედიცინო პერსონალის გადასამზადებლად ჩავლენ. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"შემდეგ კვირაში იგეგემება სამინისტროს წარმომადგენლების რეგიონებში გამგზავრება, რათა ადგილზე მოხდეს ტრენინგის მითითებების შესრულების ხარისხის შემოწმება, ასევე, იმ დეტალების ჩაზუსტება, რომელსაც ისინი ადგილზე საჭიროებენ", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმების ტრენინგები და გადამზადება იანვრის თვიდან დაიწყო და მათ ყოველდღიურად ეძლევათ შემდგომი დამატებითი მითითებები, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. ჯამში მათი რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის 23 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი რჩება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა აღარ შეიზღუდება. ახალი დოკუმენტით, ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მასში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.