დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პიკურ პერიოდს სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პიკური პერიოდის ხანგრძლივობა და პაციენტების რაოდენობა ეფექტურ მენეჯმენტსა და მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული.

"დღეს მაინც სიტუაცია კონტროლირებადია, ვინაიდან ამ ათი ახალი პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები დადგენილია და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ რომ ქვეყანაში განგაშის ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.