დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობის ჩარევის მიუხედავად, კრიზისის დროს ადამიანები სამსახურს დაკარგავენ და "თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას". მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თურნავამ ამით უმუშევრად დარჩენილთა დახმარების გეგმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი ორი ობიექტისკენაა მიმართული: პირველია დაზარალებული ბიზნეს სექტორი, მეორე — უმუშევრად დარჩენილი ადამიანები:

"ეს ასეა. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ჩვენ შევდივართ კრიზისში და მანამ, სანამ არ ამოიქოქება ეკონომიკა იგივე დონეზე, რაც იყო კრიზისამდე, რა თქმა უნდა, იქნება დროებითი სირთულეები და ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ცდილობს დასაქმებული შეინარჩუნოს, კარგად გვესმის, რომ ეს ყოველთვის ვერ მოხერხდება".

ნათია თურნავას თქმით, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები უმუშევრად დარჩენილებსაც შეეხებათ, ხოლო სხვა სახის დახმარებაზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.