გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინომოვლენა ნამდვილად იყო გრეტა გერვიგის ფილმი Little Women, რომელმაც მრავალი მაყურებლისა და კრიტიკოსის ერთობლივი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი ამერიკელი კლასიკოსი მწერლის, ლუიზა მეი ოლკოტის 1868 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი წიგნის მიხედვით გადაიღეს. ამ წიგნს მასში წამოჭრილი თემების გამო ხშირად თავის ეპოქასთან შედარებით თანამედროვე ნამუშევრად მოიხსენიებენ. იგივე შეიძლება ითქვას გრეტა გერვიგის ფილმზეც, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ სიუჟეტს უფრო მეტი თანამედროვე შტრიხი, სითამამე და გამბედაობა შემატა.

თუმცა პატარა ქალების ამ ახალ ეკრანიზაციაში ერთ-ერთმა მაყურებელმა მოულოდნელად თანამედროვეობის სრულიად სხვა სამხილებიც შენიშნა: პლასტმასის ბოთლი და თერმოსი.

ამის დამადასტურებელი ვიდეო თავდაპირველად TikTok-ზე გავრცელდა:

როგორც The Guardian წერს, ამ აღმოჩენის ავტორს, TikTok-ის მომხმარებელ მედლინ რანკურტის როგორც წიგნი, ისე გრეტა გერვიგის ეკრანიზაცია ძალიან უყვარს და ფილმი კინოთეატრში შვიდჯერ მაინც ნახა, თუმცა ერთ-ერთ კადრში თერმოსი და პლასტმასის ბოთლი მხოლოდ მოგვიანებით, შემთხვევით შენიშნა.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლები გაახალისა:

ერთგულ მაყურებლებს კარგად ემახსოვრებათ, რომ მსგავსი შემთხვევა HBO-ს საკულტო სერიალში, Game of Thrones-შიც მოხდა: მერვე სეზონის მეორე სერიის ერთ-ერთ სცენაში სთარბაქსის ყავის ჭიქა ჩანს.

GOT-ის შემქმნელებმა მაშინ აღიარეს, რომ ეს შეცდომით მოუვიდათ. Little Women-ის შემქმნელებს კი ამ ფაქტის შესახებ ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა გასაკვირი არც ის იქნება, რომ ეს გრეტა გერვიგის წინასწარ განზრახული ჩანაფიქრი ყოფილიყო.

ფოტო: Giphy