ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების მიხედვით, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ, აშშ მსოფლიოში მესამე ქვეყანაა.

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ნიუ-იორკში ფიქსირდება. ცენტრალურ პარკში უკვე დაიწყეს საველე ჰოსპიტალების მოწყობა.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 215 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულია 8 600-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავად იმუშავეს. მისივე თქმით, აშშ კორონავირუსით გარდაცვალების პიკს 2 კვირაში მიაღწევს და ამის შემდეგ, ვირუსის გავრცელება კლებას დაიწყებს.