ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ განაცხადა.

ეს ამერიკაში ქართველი სასულიერო პირის ინფიცირების მეორე შემთხვევაა.

მეუფე საბას თქმით, ინფიცირებული სასულიერო პირი ნიუ-იორკში მსახურობს.

"სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში, იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა, წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას", — განაცხადა მეუფე საბამ.

რაც შეეხება თავად მეუფე საბას, მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა, მისივე თქმით ვირუსი არ დაუდასტურდა.

ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მისი თქმით, ეპარქია ითვალისწინებს სახელმწიფოს რეგულაციებს, რათა კორონავირუსი უფრო მეტად არ გავრცელდეს.