პანდემიის პირობებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსთან საბრძოლველ აღჭურვილობაზე მოთხოვნდა დიდია. სამედიცინო პერსონალს სათანადრო ინვენტარის გარეშე მუშაობა ხშირად უწევს.

კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტინ პეტერსენმა უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისგან იმეილი მიიღო. სადაც, ვეილი კორნელის საავადმყოფო უნივერსიტეტს პერსონალურ დამცავ ინვენტარს (PPE) ითხოვდა.

პეტერსენმა კამპუსზე არსებული 3D პრინტერები ითხოვა და მოხალისეებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დამცავი აღჭურვილობის წარმოება დაიწყო. პეტერსენის თქმით, საბოლოო ჯამში, მისი გუნდის განკარგულებაში 106 პრინტერი აღმოჩნდა.

პროექტში უნივერსიტეტის არქიტექტურის, ხელოვნების და დაგეგმარების დეპარტამენტების სტუდენტებიც ჩაერთვნენ. სამუშაო ბევრი იყო იმიტომ, რომ ვეილი კორნელის სამედიცინო ცენტრის მიხედვით, ნიუ-იორკში, სამედიცინო პერსონალი დღეში დაახლოებით 50 000 პლასტმასის ნიღაბს საჭიროებდა.

"ვიზორები," ანუ სახის დამცავები სამედიცინო პერსონალის სახის არეს ვირუსის მოხვედრისგან იცავს. ბევრი სტუდენტი, რომელიც დაცარიებულ კამპუსში იყო დარჩენილი, სადაც გადაადგილება შეზღუდულია და ონლაინ სწავლება მიმდინარეობს, ამ ტიპის ნიღბების წარმოებას სახლიდან გაუსვლელადაც ახერხებს.

"ახლა რთული დროა და ჩვენ დახმარებას ყველანაირად ვცდილობთ. როგორც ჩანს, ჩვენი პროფესია [არქიტექტურა] ასეთ კრიზისულ დროს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ, ჩვენი ცოდნის მცირედი წვლილისთვის გამოყენებაც კი აუცილებელია", — ამბობს არქიტექტურის კურსდამთავრებული ჯეზუს ლუნა.

კიდევ ერთი სტუდენტის, მაინგ ჩენის თქმით, "ვიზორების" ბეჭდვა საკმაოდ მარტივია. "დღეს 15 ვიზორი გავაკეთე", — ამბობს ჩენი. ერთი სახის დამცავის შექმნას დაახლოებით 70 წუთი სჭირდება.

მსგავსი ოპერატიულობა და ვიზორების სწრაფი ბეჭდვა ყველასთვის ღია წყაროების გამოყენებით არის შესაძლებელი. დამცავების 3D მოდელები საჯაროდ ხელმისაწვდომია.

3D დიზაინი, რომლითაც მსოფლიოს გარშემო ხელმძღვანელობენ, შვედეთში, 3Dverkstan-ში შეიმუშავეს. ერთ-ერთი დიზაინერის, ერიკ ცედერბერგის თქმით, სანამ "ვიზორის" 3D მოდელს საჯაროს გახდიდნენ, ისინი სამედიცინო ექსპერტებმა გადაამოწმეს.

"3D მოდელი საკმაოდ მარტივია, ამიტომ დაბეჭდვის დროს რაიმე შეცდომის დაშვების ალბათობა დაბალია", — ამბობს ცედებერგი.

27 მარტს კორნელის უნივერსიტეტიდან, ნიუ იორკის საავადმყოფომ 500 ასეთი ნიღაბი მიიღო. უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ მოხალისეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დღეში 1 000 ერთეულის წარმოება იქნება შესაძლებელი.