დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ ბიზნესი გამონახავს რესურსს და თანამშრომლებს სამსახურებიდან არ გაუშვებს.

"ბიზნესისკენ შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული სწორედ იქითკენ, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით მხოლოდ დაახლოებით ერთი თვე, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესიც შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ არ გაუშვას სამსახურიდან მისი კვალიფიცირებული პერსონალი. ადამიანები, რომლების ტრეინინგშიც, რომლების კვალიფიკაციის ამაღლებაშიც ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი", — თქვა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან ისაუბრა უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების დახმარების ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ჯერ აუცილებელია მათი რაოდენობის ცოდნა, მანამდე კი პროგნოზის გაკეთება სპეკულაციური იქნება.

"ჯერ ვერ ვხედავთ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ვერ ვიტყვით რა ზომების მიღება ან რა თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ მათი საბაზისო, მინიმალური საჭიროებები", — თქვა ცქიტიშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ სახელმწიფო მოახდენს ყველა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და დაეხმარება მათ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის დახმარება იგულისხმება და რა ვადებში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა, ასევე, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადები დაუფინანსდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 301.