მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალური გადასახადებს მთავრობა სრულად დაუფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტში, აპრილსა და მაისში დაფინანსება შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

როგორც გახარიამ თქვა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

"აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.