Apple-მა ამინდის პოპულარული აპლიკაცია Dark Sky შეიძინა და ივლისში მისი ანდროიდ და Wear OS ვერსიების შეჩერებას გეგმავს — ამის შესახებ Dark Sky-მ თავის ბლოგში განაცხადა.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ადამიანების ინფორმირება და მაქსიმალურად ზუსტი ამინდის პროგნოზის მიწოდება, რათა დღე სწორად დაეგეგმათ და მშრალად და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, ხოლო ეს ყველაფერი კონფიდენციალურობის სრული დაცვით მომხდარიყო" — განაცხადა Dark Sky-ს თანადამაარსებელმა, ადამ გროსმანმა. "შეუძლებელია ამისათვის იმაზე უკეთესი პარტნიორის პოვნა, ვიდრე ეფლია. ჩვენ შევძლებთ მივწვდეთ ბევრად უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი გავლენით, ამას კი მარტო ვერ შევძლებდით".

დღეისათვის აპლიკაციის iOS ვერსიისათვის ცვლილებები არ იგეგმება და მისი ყიდვა App Store-ზე ისევ $3,99-ად არის შესაძლებელი, თუმცა მის გადმოწერას ანდროიდზე და Wear OS-ზე ვეღარ შეძლებთ, მაგრამ თუკი უკვე გადმოწერილი გაქვთ მისი გამოყენება პირველ ივლისამდე კიდევ შეგეძლებათ, ამის შემდეგ კი აპლიკაცია მხოლოდ iOS-ზე დარჩება ხელმისაწვდომი. გროსმანის თქმით, თუკი პროგრამაში ფული უკვე გადახდილი გაქვთ, ის, რაღა თქმა უნდა, უკან დაგიბრუნდებათ.

Dark Sky-ს ძრავი მუშაობას 2021 წლის ბოლომდე განაგრძობს, თუმცა გროსმანი აღნიშნავს, რომ ისინი სხვა მწარმოებლებს უფლებას ვეღარ მისცემენ, რომ ძრავი თავიანთ აპლიკაციებში გამოიყენონ.

რაც შეეხება პროგრამის საიტს, აქაც ამინდის პროგნოზისა და რუკების შემოწმება პირველ ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი, ამის შემდეგ კი ის მხოლოდ iOS-ის მომხმარებელთა "დახმარების ცენტრად" იქცევა.

Dark Sky-ს ვიზუალური მხარე საიტზე უკვე შეიცვალა და "Dark Sky by Apple"-ად გადაიქცა.