პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი, აცხადებს, რომ ერთჯერად "სვისტოკებზე", ანუ სასტვენებზე, სურდა საუბარი იმ ხალხთან, ვინც ზიარების ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საუბრობდა. ის ფიქრობს, რომ კორონავირუსი გადაგვარჩენს, რადგან ასეთ ხალხს პირიდან "სვისტოკები" გამოაღებინა.

კორონავირუსი და საპატრიარქო

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ საპატრიარქოს შესთავაზა, რომ პრევენციისთვის, ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით ესარგებლათ. მსგავსი რჩევა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორებსაც, თუმცა რელიგიურ რიტუალზე რეკომენდაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საპატრიარქომ განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არაერთხელ გავრცელებულა და ეს რჩევა არ გაითვალისწინა. მათ მხოლოდ ის ცვლილება შეიტანეს, რომ მრევლს უფლება მისცეს ზიარების შემდგომ სასმელი (სიტკბოების) ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით მიიღონ.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, საპატრიარქომ მრევლს მისცა რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლსა და სამსახურში აპკურონ და ასე ებრძოლონ ვირუსს. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად უნდა ილოცოს. გარდა ამისა, თბილისისა და სხვა ქალაქებში "ვირუსისგან დასაცავად" ქუჩები აკურთხეს.