ერთი წლის წინ ასტრონომთა გუნდმა მსოფლიო შავი ხვრელის პირველი ფოტოთი გააოცა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ფოტო იმაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, ვიდრე წარმოგვედგინა.

როგორც გაირკვა, ტელესკოპით შავი ხვრელის ყურებისას არამხოლოდ მას, არამედ მთელ სამყაროსაც ხედავთ — შორეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების უსასრულო წყობიდან წამოსული სინათლე შავ ხვრელს გარეშემო ლენტივით ეხვევა. ფოტოზე სწორედ ეს სინათლეა აღბეჭდილი.

"შავი ხვრელის ფოტო რეალურად რგოლების სერიებს შეიცავს", — განაცხადა პროფესორმა მაიკლ ჯონსონმა.

პროფესორი ჯონსონი და მისი კოლეგები მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპზე მომუშავე გუნდის წევრები არიან, რომლის მეშვეობითაც შავი ხვრელის ფოტოს გადაღება გახდა შესაძლებელი. ტელესკოპმა აღნიშნული რგოლების დანახვა შეძლო, თუმცა მას საკმარისი გარჩევადობა არ ჰქონია, სწორემ ამიტომ რგოლების შესწავლა ვერ მოხერხდა.

შავი ხვრელები უსასრულობაში გაჩენილ ორმოებს გავს, რომლებიც იმდენად მასიურები არიან, რომ სინათლესაც კი ყლაპავენ. ისინი აინშტაინის ფარდობითობის ზოგად, იგივე გრავიტაციის თეორიაში საკმაოდ არასასურველ პროგნოზსს წარმოადგენდნენ. აღნიშნული თეორია გრავიტაციულ ველში სივრცულ–დროით თვისებებს შეიწავლის.

აინშტაინს სიგიჟედ მიაჩნდა, თუმცა ასტრონომებმა დაამტკიცეს, რომ კოსმოსი სავსეა შავი ხვრელებით — ისინი მზეზე ბევრად დიდები არიან და ყოველი გალაქტიკის ცენტრში უკავიათ ადგილი.

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი ექვს მთაზე და ოთხ კონტინენტზე განთავსებული რვა რადიო ობსერვატორიისგან შედგებოდა, რომელთა მოპოვებული ინფორმაციაც ერთად გროვდებოდა. 2017 წლის აპრილში, ათი დღის განმავლობაში ისინი გიგანტური გალაქტიკის, M87-ის ცენტრს აკვირდებოდნენ, სადაც მასიური შავი ხვრელია განთავსებული. შედეგად მიღებულმა ფოტომ კი აინშტაინის თეორიის პროგნოზი გაამართლა.

მკვლევრები ამჟამად ჩვენს

გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის გამოსახულების მოპოვებას ცდილობენ, ხოლო ამ ამბავთან დაკავშირებული გარკვეული ღონისძიებები, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა, კორონავირუსის გამო გადაიდო.

რაც შეეხება რგოლებს, თუკი მკვლევრებს მოვლენათა ჰორიზონტის ქსელის გასაზრდელად კოსმოსში ანტენის დამატება შეეძლებოდათ, ისინი თითოეულ რგოლზე დასაკვირვებლად საკმარის გარჩევადობას მოიპოვებდნენ, მოვლენათა ჰორიზონტი კი კოსმოსურ ლაბორატორიად იქცეოდა, სადაც ფუნდამენტური თეორიების შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი.

პროფესორი ჯონსონის თქმით, კოსმოსში გასაგზავნად ტელესკოპების რამდენიმე ვარიანტი უკვე არსებობს, აქედან ერთი რუსული მისიის, სახელად Millimetron-ის ნაწილია, რომლის გაშვებაც 2029 წლისთვის იგეგმება, კიდევ ერთი კანდიდატი Origins Space Telescope-ია, რომელიც NASAს მიერ არის წარმოდგენილი და მისი გაშვება 2035 წლისთვის იგეგმება.

ჯონსონის მიხედვით, ასტრონომებმა ერთი წლის წინ აღბეჭდილი შავი ხვრელის მასის შესახებ მხოლოდ 10% სიზუსტით იციან, ასევე უცნობია რამდენად სწრაფად ბრუნავს ის. კოსმოსური ანტენა კი მათ რგოლების სტრუქტურის შესწავლასა და შავი ხვრელის ზუსტი მასისა და ბრუნვის სიჩქარის გაგებაში დაეხმარება.