თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, აფგან მუხტარლის დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. 31 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს თბილისიდან გატაცებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმის ეფექტიანად გამოძიებისათვის აუცილებელია.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, დაკითხოს აფგან მუხტარლი და ახალი გარემოებების გათვალისწინებით დაიწყოს საქმის ეფექტიანად გამოძიება. ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ზომები აღნიშნული საქმის გამო შელახული საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენის მიზნით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს აზერბაიჯანში. საჯაროდ მიცემულ ინტერვიუში მუხთარლიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი გატაცების ამბავი საქართველოში სახელმწიფო დონეზე იყო შეთანხმებული. ის ვარაუდობს, რომ დაგეგმილი გატაცების შესახებ იცოდნენ სასაზღვრო სამსახურში, უშიშროების სამსახურში და კრიმინალურ სამსახურშიც.

2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და საზღვარზე 10 000 ევროს კონტრაბანდულად გადატანა.

2018 წლის 24 აპრილს, აზერბაიჯანის შაქის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. 2020 წლის 17 მარტს ჟურნალისტი აზერბაიჯანში პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ის გერმანიაში საკუთარ ოჯახთან გაემგზავრა. აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიება საქართველოში თითქმის სამი წლის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოებს დაწყებული აქვთ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ევროსასამართლოში აფგან მუხთარლის საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, რაც გულისხმობს რომ უახლოეს პერიოდში სასამართლომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოპასუხე სახელმწიფოების – საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართ.

განცხადებას ხელს აწერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • საფარი;
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).