მაშინ, როცა მთელი მსოფლიო თვითიზოლაციაშია, სახლში დარჩენილი ადამიანები პატარ-პატარა პრობლემებს ეჯახებიან. ეს გამოწვევები, შესაძლოა, პანდემიის წინაშე არც ისე მნიშვნელოვანი ჩანდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს.

მაგალითად 22 წლის ელენე პირტახიას ამბავი, რომელმაც იანვრის მიწურულს ე.წ. შილაკი გაიკეთა, თუმცა როცა სილამაზის სალონები დაიკეტა, მისი მოხსნა ვეღარ შეძლო.

"შილაკი" ფრჩხილებზე სპეციალური, გასაშრობი აპარატის დახმარებით კეთდება და ის დაახლოებით 2-3 კვირა ძლებს. სწორედ ამ ეფექტიანობის გამო გახდა ის ტრენდული. თუმცა, მოხსნის დროს მასზე ისევ სპეციალისტმა უნდა იმუშავოს.

"სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა, უნდა მივსულიყავი მოსახსნელად, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაიხურა სალონი და დავრჩი ასე, ორი თვის შილაკით", — გვითხრა ელენემ. მისი მამა ოქრომჭედელია და სწორედ ის დაეხმარა შვილს "გამოუვალ სიტუაციაში".

"მამას ხუმრობით ვუთხარი და დამთანხმდა. 3 საათი მხსნიდა, თან ისე ნელ-ნელა, რომ არცერთი ფრჩხილი არ დამიზიანა. ჯერ თავისი ქლიბით დაიწყო, შემდეგ "შკურკებს" არჩევდა ზომების მიხედვით, თითს უსვამდა თან ფრჩხილზე რომ სადმე რამე არ დარჩენილიყო. თავისი ხელსაწყოები გამოიყენა, რაც მოეპოვებოდა სახლში", — გვიყვება ის.

ელენე დასძენს, რომ იმის მიუხედავად, რომ სახლში "შილაკის" მოხსნის პირობები არ გააჩნდა, პროცედურის ჩატარება ოქრომჭედელი მამის დახმარებით შესაძლებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, "ათივე ფრჩხილი უსაფრთხოდაა".