დღეს, 31 მარტის 21 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრო "ძალიან მკაცრ მონიტორინგს" განახორციელებს, რათა მოქალაქეების გადაადგილება 21 სათიდან 6 საათამდე იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, მისი თქმით, იმოძრავებენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები:

"ნებისმეირი ფაქტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევას, ძალიან ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი და შესაბამისი ზომები გატარებული, რაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, პირველ ეტაპზე ჯარიმის გამოყენებას".

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პირველ ჯერზე, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემდეგ გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს.

31 მარტს, შუადღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი,
კარანტინის რეჟიმშია 4 995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.