Facebook Messenger-ს, შესაძლოა, ახალი ფუნქცია — ავტომატური სტატუსები დაემატოს, რისი საშუალებითაც თქვენი მეგობრები თქვენი აქტივობებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ავტომატურად შეიტყობენ.

მესენჯერის ამ ფუნქციას მუშაობისათვის თქვენს ადგილმდებარეობასთან, აქსელერომეტრთან და ელემენტთან წვდომა დასჭირდება. ზოგიერთისთვის ეს ყველფერი ზედმეტად ბევრი პირადი ინფრომაციის გაცემას ნიშნავს, თუმცა ფუნქციის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება და იმ მეგობრების სიას, რომლებიც ინფორმაციის ნახვას შეძლებენ, თქვენ ირჩევთ.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტ ადგილმდებარეობას აპლიკაცია მაინც არ გასცემს, ამის მაგივრად მესენჯერის პროფილის ფოტოზე შესაბამისი ემოჯი გამოჩნდება, მაგალითად, თუ აეროპორტში ხართ, თქვენს პროფილზე თვითმფრინავი დაიხატება, თუ ელემენტს ტენით, დატენვის ნიშანი და ა.შ.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გეგმავს ფეისბუქი Auto Status-ების გაშვებას. ამ ფუნქციას საკმაოდ მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. ის გაცილებით გაგიმარტივებთ შეხვედრების დაგეგმვას მეგობრებთან, მაშინაც კი თუ ისინი ქსელში შემოსულები არ არიან. ასევე გაგიმარტივდებათ დიალოგის წამოწყებაც, რადგან გეცოდინებათ თქვენი მეგობარი კაფეშია, ვარჯიშობს, ისვენებს თუ ტელეფონს ტენის.

იმ ფაქტმა, რომ ავტომატური სტატუსები ელემენტის მდგომარეობასაც "გასცემს" მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი შეაშფოთა, თუმცა ინსტაგრამის პროდუქტ მენეჯერმა რობი სტეინმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა მაშინ, როდესაც თქვენი ტელეფონი ითიშება და შეტყობინებაზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებთ.