მასალის თავდაპირველი სათაური იყო "თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალეს — RSF". მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე ინფორმაცია დააზუსტა, მასალის სათაური შეიცვალა.

საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აზუსტებს, რომ თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" არ აუკრძალავთ და რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

"სამწუხაროდ სტატია, რომელიც 31 მარტს RSF-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა არასწორ ინფორმაცია ეყრდნობოდა[...] ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს ამ შეცდომის გამო, რომელიც შეძლებისდაგვარად სწრაფად გავასწორეთ", — აცხადებს ორგანიზაცია.

RSF-ს თავდაპირველ მასალაში აღნიშნული იყო, რომ თურქმენულ მედიაში სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენება აიკრძალა. შესწორებულ ვერსიაში, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად გაურბის ამ სიტყვის გამოყენებას, რათა პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეუშალოს ხელი. ასევე, სახელისუფლებლო მედიაში არაფერს საუბრობენ უშუალოდ ვირუსის შესახებ.

არასახელისუფლებო გამოცემის თურქმენეთის ქრონიკების ინფორმაციით, სიტყვა ამოიღეს ბროშურებიდან, რომელიც სკოლებში, საავადმყოფოებსა და სამუშაო ადგილებში დაარიგეს.

როგორც RSF აღნიშნავს, კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვით თურქმენეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საფრთხეში აგდებს. თურქმენეთის მოქალაქეებს წვდომა აქვთ მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებას კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ადგილებში ტრადიციული მცენარის "ჰარმალას" დარგვის ბრძანება გასცა.

პრესის თავისუფლების ინდექსში 2019 წელს თურქმენეთმა ბოლო ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად მიიჩნევა. ხელისუფლება ყველა მედიასაშუალებას აკონტროლებს და დევნის მათ, ვინც ტოტალური კონტროლის შესახებ ხმამაღლა საუბრობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: