24 წლის ორანგუტანი ბელგიის ზოოპარკში ციცქნა მეზობლებს დაუმეგობრდა. პატარა წავებთან ის საუცხოო დროს ატარებს. მათი განსაკუთრებული ურთიერთობა იმ სურათებშიც ჩანს, რომელიც ზოოპარკმა გამოაქვეყნა.

ზოოპარკს იზოლირებულ ტერიტორიაზე პრიმატების კეთილდღეობაზე ზრუნვის პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებშიც ცხოველები ემოციურად, ფიზიკურად და კოგნიტურად მუდამ გამოწვევების წინაშე უნდა იყვნენ — საცხოვრებელი გარემო კი მაქსიმალურად მიმგვანებული უნდა იყოს რეალურთან.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიიყვანეს ზოოპარკში ორანგუტანების ოჯახი — 24 წლის მამა, 15 წლის დედა და მათი 3 წლის შვილი. ტერიტორიაზე მდინარეც ჩამოდის, სადაც წავები დაასახლეს.

"წავები ხშირად მოდიან ორანგუტანებთან და დიდ, ბეწვიან მეგობრებთან ერთად ერთობიან. ეს ურთიერთობა ორივე სახეობის ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის, ექსპერიმენტი კი წარმატებულად გრძელდება", — აცხადებს ზოოპარკის დირექტორი.

ოჯახი ზოოპარკის ტერიტორიაზე 2017 წლიდან იმყოფება. სივრცეში სხვა ორანგუტანებიც ცხოვრობენ.

ადამიანებისა და ორანგუტანების გენების 97% იდენტურია, ამიტომ ისინი გამუდმებით "დასაქმებულები" უნდა იყვნენ სხვადასხვა აქტივობებით, რაც ზოოპარკისგან დიდ ყურადღებას მოითოხვს. დაწესებულების თანამშრომლები მათ თამაშებს, გამოწვევებს და ფაზლებს სთავაზობენ, რაც მათ გონებას განვითარებაში ეხმარება.